„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქუჩაში ხალხის გამოსვლა და პროტესტი, რომლის გარეშეც დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხდება.
„ქვეყანაში გვყავს „ეფესბეს“ ნომრიანი აგენტი, რომელიც გაიშიფრა და ამ აგენტს არა უბრალოდ გადაეფარა მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, არამედ ქვეყნის ბედი, ქვეყანაში დღევანდელი კეთილდღეობის დონე შემოაგდეს სასწორზე ერთი კონკრეტული რუსი აგენტის გამო. მნიშვნელოვანია გაპროტესტება, ეგეთი რაღაცების გატარება არ მოსულა. გამოსვლა მნიშვნელოვანია ასევე, რადგან ჩვენ დიდი ხანია, პროტესტი არ გვქონია, არცერთ პარტიას რამდენიმე თვეა, ქუჩაში პროტესტი არ გაგვიკეთებია. ამიტომ ეს პროცესი უნდა დაიწყოს ქუჩაში, ქუჩის პროტესტის გარეშე რუსების ხელისუფლებიდან გაშვება წარმოუდგენელი ამბავია. ამიტომ პროტესტი მნიშვნელოვანი, დასაწყები, მოსასინჯი, გასაკეთებელია. დასავლეთის სანქციებს და დასავლეთის ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელს უწყობს ამ ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, რუსული ხელისუფლების ცვლილებას და დემოკრატიის მშენებლობას, უნდა მოჰყვეს რეაქცია საქართველოს მოსახლეობისგან.
ვდგავარ, დავდივარ და ვყვირი, რომ ჩვენ, ქართველებს გვეკუთვნის სტატუსი, მაგრები ვართ, ეს და ის ვართ, რაც, მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ იქედან თუ იდგმება რაღაც ნაბიჯი, აქედანაც უნდა დაინახო, რომ ხალხი ბრძოლისთვის მზადაა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, გავიდეთ და გავაპროტესტოთ. საბოლოო ჯამში, ეს ხელისუფლება დასრულდება მაშინ, როცა იქნებით ბევრი და მათ შორის იქნებით ბევრი ქუჩაში, როგორც კი ეს მოხდება, ესენი არიან ეგრევე გაქცეულები. ასეთია მათი ბუნება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ნუ გექნებათ ილუზია, რომ მე ან ელენეს, ან ჩვენ გარდა, გინდა – დიდ პარტიებს რომ ეძახიან, გინდა – პატარებს, დაორგანიზებული ჰყავთ ხალხის რაღაცა არმიები, რომლებიც შეიძლება საიდანღაც მოიყვანონ. არაფერი ეგეთი ბუნებაში არ არსებობს. თავიდან ბოლომდე თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. თქვენ იაქტიურებთ, თქვენ გამოხვალთ ქუჩაში, ესენი გაასხამენ ეგრევე. როგორც კი ეს წერტილი დადგება, მაგ მომენტში მივალთ, ეგრევე წავლენ. რაც შეეხება, ამდენი აქცია – 10, 100, ნეტავ, 400 აქცია იყოს და ყველა ქალაქში იყოს, საერთოდ არ არის ეს არანაირი პრობლემა. პროტესტი რომ არის ადამიანებში, ეს პროტესტი ქუჩაში უნდა გამოვიდეს, რაც მეტი, მით უკეთესი იქნება. რა აქციებიცაა დაანონსებული, სადაც მოვასწრებ, ყველგან მივალ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.