წავიდა ის თაობები პოლიტიკოსების, რომლებსაც ახსოვდათ რა უბედურებაა ომი. სხვა თაობები მოვიდნენ, ტელეფონში ვუყურებთ ომს. უდიდესი საფრთხის წინაშე დგას კაცობრიობა, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოები, როგორებიც ჩვენ ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ზურაბ აბაშიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ხშირად ამბობენ, რომ ასეთი რთული, სახიფათო ვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა ასეთი სახიფათო ვითარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ან ერთ, ან მეორე მხარეს სულ რომ დაეპყრო მთელი მსოფლიო, მთელ კაცობრიობას ხომ ვერ ამოწყვეტდა? ახლა ამის საშიშროება არსებობს იმდენი ბირთვული იარაღია. „კარიბის კრიზისი“ იყო 1962 წლის აგვისტოში, მაშინ იყო ეს ბირთვული დაპირისპირების საფრთხე, მაგრამ დღევანდელი ვითარება კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე მაშინ იყო. ის „კარიბის კრიზისი“ ათიოდე დღე გაგრძელდა, ევროპის შუაგულში მაშინ ამხელა ომი არ იყო. რაღაც ნდობის ფაქტორი იყო მაშინ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. ახლა არაფერი აღარ არის. წავიდა ის თაობები პოლიტიკოსების, რომლებსაც ახსოვდათ რა უბედურებაა ომი. სხვა თაობები მოვიდნენ, ტელეფონში ვუყურებთ ომს. უდიდესი საფრთხის წინაშე დგას კაცობრიობა, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოები, როგორებიც ჩვენ ვართ. ჩვენ თუ ძალიან ფრთხილად არ ვიარეთ, ერთი ფეხი რომ დაგვიცდეს, არ მინდა დავამძიმო, მაგრამ შეიძლება სიბნელეში ერთმანეთი ვეღარ ვიპოვოთ ისეთ დღეში აღმოვჩნდეთ და ვერც ვერავინ დაგვეხმარება. ეს რეალობაა. ძალიან დიდ ზეწოლას ვუძლებდით და ვუძლებთ. საქართველო აკეთებს მაქსიმალურს, რისი გაკეთებაც შეუძლია - პრაგმატული, თავისი გონივრული პოლიტიკით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.