თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ფსევდოპატრიოტულ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი, რადგან ისინი ხელმოცარული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ მხოლოდ ქულების დაწერას ემსახურება.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ფსევდოპატრიოტულ განცხადებებს, რომლებიც ახლა მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, ჯერ მოსკოვის გამზირი გადარქმევის საკითხი დააყენეს, ახლა უცებ სანქტ-პეტერბურგის ქუჩის სახელის შეცვლა. მე ვფიქრობ, ამ სპეკულაციებს უნდა დავუსვათ წერტილი, უნდა დასრულდეს ამაზე საუბარი, რადგან საინტერესოა, ბატონ გვარამიას მხოლოდ ახლა რატომ გაახსენდა ეს ქუჩები რომ არსებობს დედაქალაქში? როდესაც მთავრობის წევრი იყო 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ არ გახსენებია და ახლა ამ თემებზე ხელმოცარული პოლიტიკური ძალები, რომლებიც მარტივ მამრავლებად დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ, ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას.
მე მათ მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ საკრებულოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლითაც ხდება ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავსაყოფად თბილისის ქუჩებისთვის სახელების მინიჭება“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.