რაიმე რესურსი დესტაბილიზაციის არავის აქვს, თუმცა ევროკავშირის ფონდების გარდა, მოვისმინეთ იგივე „მაკკეინის ინსტიტუტის“ ფონდის განცხადება, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს პოლარიზაცია, აქციები უნდა გადავიდეს დღის რეჟიმში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ეს ტრენინგები იმართება უკვე იმ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილისთვის, რომელიც დაფინანსებებს და დავალებებს იღებს უკვე საზღვარგარეთიდან. მოვისმინეთ არა მხოლოდ ევროკავშირის ელჩის, ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების ელჩების განცხადებები. ფაქტობრივად, ღია მხარდაჭერაა რადიკალური ოპოზიციის და იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც გამოირჩეოდნენ რადიკალიზმით. რაიმე რესურსი დესტაბილიზაციის არავის აქვს, თუმცა ევროკავშირის ფონდების გარდა, მოვისმინეთ იგივე „მაკკეინის ინსტიტუტის“ ფონდის განცხადება, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს პოლარიზაცია, აქციები უნდა გადავიდეს დღის რეჟიმში - გაფიცვებში და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობებში, რაზეც მანამდეც ვსაუბრობდით. ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი არ დაუშვებს ვერც პოლიტიკურ და ვერც ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანაში“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

უკვე მეორე დღეა „რუმსში“ ტრენინგი იმართება. „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. ტრენინგის მონაწილეები დღეს მედიასთან არ გამოჩენილან. თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა გუშინ თქვა, რომ საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც იქნება.