"ქართული ოცნების" წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი, გიორგი გახარია "დიფ სთეითის" დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა.

ვლადიმერ ბოჟაძემ გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან თურქეთში ჩამოსვლა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მისი საქართველოში "შემოპარება" უფრო ადრე იგეგმებოდა, თუმცა 2021 წელს განხორციელდა.

"ნაცვლად იმისა, რომ მას, როგორც მინისტრს, აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირიქით მოხდა და ის ადამიანი, რომელიც უნდა წასულიყო თანამდებობიდან, პირიქით - დაწინაურდა; ისევე, როგორც უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, როცა 27 წუთში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, - ვგულისხმობ აშშ-ის საელჩოს განცხადების გამოქვეყნებას დილის 10:01 საათზე და მის განცხადებას 10:28 წუთზე. როგორც ჩანს, ესეც წინასწარ დაგეგმილი და განსაზღვრული იყო, რომ მის გადადგომას მოჰყოლოდა გარკვეული პროცესები ქვეყნის შიგნით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ უკრაინიდან თურქეთში იყო ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს საზღვართან ახლოს, როგორც ჩანს, ის გეგმა 2021 წელს განხორციელდა, როცა მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში. ეს გეგმა, როგორც ჩანს, უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო," - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.