იმედი მაქვს, რომ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად უახლოეს მომავალში, მაგრამ მანამდე დაბრკოლებები გველოდება, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „საქართველოს რადიოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ვიოლა ფონ კრამონმა კომენტარი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი 2030 წელს უნდა იყოს მზად ახალი წევრების მისაღებად.
როგორც ფონ კრამონი ამბობს, საქართველოს შვიდ წელიწადში გაწევრიანება დიდებული იქნება, თუმცა უფრო რეალისტურ ვადად 10 წელიწადს დაასახელებდა.
„ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული გზა არ არსებობს. ყველაზე სწრაფად ევროკავშირში, ამ ორგანიზაციის ისტორიაში, ფინეთი გაწევრიანდა. ამას დასჭირდა 3,5 წელიწადი. ფინეთი პატარა ქვეყანაა, ის დემოკრატიული სახელმწიფოა და კარგი მმართველობა აქვს. იმის თქმა მსურს, რომ ფინეთის შემთხვევაში ყველა პირობა იყო დაკმაყოფილებული და მიუხედავად ამისა, გაწევრიანების პროცესს 3,5 წელიწადი დასჭირდა. ახლა წარმოვიდგინოთ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები, სადაც არსებობს ინსტიტუტების დანაკლისი, განვითარების შესაძლებლობები ნაკლებია ინსტიტუტების შიგნით, ევროკავშირის კანონმდებლობა, რომელთან შესაბამისობაშიც უნდა მოვიდეს კანდიდატი ქვეყნების კანონმდებლობა, ყოვლის მომცველი, რთული და ტექნიკურია. ასე რომ, ამის გაკეთება რამდენიმე კვირაში შეუძლებელია. ამას სჭირდება დიდი სამუშაოს ჩატარება. რაც შეეხება ვადებს, თუ ჩვენ შედეგს მივაღწევთ შვიდ წელიწადში, ეს იქნება დიდებული. ეს ჩაითვლება სწრაფ პროცესად. მე განვიხილავდი 10 წელიწადს, რაც უფრო რეალურია. თუ შარლ მიშელი საუბრობს შვიდ წელიწადზე, მაშინ მე ოდნავ გავზრდიდი მოლოდინს, მაგრამ მეტად რეალისტურად მივუდგებოდი, რადგან გაწევრიანების პროცესი, შესაძლოა, უფრო დიდხანს გაგრძელდეს, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესრულებასთან, ასევე კანდიდატ ქვეყნებში პოლიტიკურ განვითარებასთან“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ვიოლა ფონ კრამონმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაწესებული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას. ამასთან ერთად, განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ოქტომბერში მინიჭებას, გარკვეული პირობებით.
„ვფიქრობ, საჭიროა, რომ საქართველომ ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაცია შეასრულოს, მაგრამ როგორც მე წარმომიდგენია, და ეს არ გახლავთ არც გერმანიის მთავრობის და არც ევროპარლამენტის პოზიცია, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კომპრომისი, რომლითაც საქართველოს ახლა მივანიჭებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მისი უკან წაღების შესაძლებლობით და შემდეგ ვიმუშავებთ 2-3 წლის განმავლობაში. თუ პირობები არ შესრულდება, შემდეგ მოვიძიებთ გზას, რომ კანდიდატის სტატუსი უკან წავიღოთ. ამჟამად ევროკავშირის შეთანხმებაში ასეთი მუხლი არ არსებობს და ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.
ამასთან, მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინ წასაწევად საკმარისი იქნება ერთი რომელიმე კონკრეტული რეფორმის შესრულება. ჩემი აზრით, ყველაფერი მნიშვნელოვანია – დეოლიგარქიზაცია, საზოგადოების დეპოლარიზაცია, რა თქმა უნდა, სასამართლო რეფორმა, პლურალიზმი პარლამენტში და ა.შ. თუმცა ამ მხრივ მცირე პროგრესი ვიხილეთ. შეიძლება, ზოგიერთმა ასევე იფიქროს, რომ მმართველი პარტია არ არის ძალიან მოწადინებული, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ მთელი ქვეყანა მძევალი უნდა გახდეს? მე ვიტყოდი – არა. ვნახოთ, რა მოხდება. დრო კიდევ არის. ახლა სექტემბრის დასაწყისია, სულ ცოტა ხანში საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლები ჩამოვლენ და გაესაუბრებიან საქართველოს მთავრობას. ანგარიში დასრულებული იქნება ოქტომბერში. ასე რომ, გაუმჯობესებისთვის კიდევ არის დრო. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად უახლოეს მომავალში. მანამდე შესაძლოა, დაბრკოლებები გვქონდეს. ვშიშობ, რომ ჩვენ ახლა ასეთი დაბრკოლებებით აღსავსე პერიოდში ვართ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ამ ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.