"გრენლანდიური ცუგცვანგი" ძვირი დაუჯდება ევროპის ამჟამინდელ ელიტას, რომელმაც პირველივე ოდნავ კრიტიკულ ვითარებაში გამოამჟღავნა სისუსტე, უპრინციპობა, მიდრეკილება კონფორმიზმისკენ და კიდევ ბევრი ცუდი თვისება. ამას ამომრჩეველი არ აპატიებთ და ვერც ყველა არჩევნების შედეგებს გააუქმებენ." - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ჭადრაკში ცუგცვანგი ჰქვია, როდესაც ნებისმიერი სვლა წამგებიანია.

გრენლანდიაში ეს ამბავი როგორც არ უნდა დამთავრდეს, ევროპის მმართველი პოლიტიკური ელიტა უკვე დამარცხდა. ნათელია, რომ, სინამდვილეში, გრენლანდიაში არც ერთ ადამიანს, არც სამოქალაქოს და არც სამხედროს, არანაირი საფრთხე არ ელის, მით უმეტეს ამერიკელების მხრიდან. უფრო მეტიც, გრენლანდია, ფაქტობრივად(!!!) დიდი ხანია(!!!), ისედაც ამერიკის ტერიტორიაა, სადაც მხოლოდ მას აქვს და მომავალშიც ექნება სამხედრო ბაზა და თუ დასჭირდა, ნებისმიერი წიაღისეულის მოპოვებასაც არავის ჰკითხავს. გრენლანდიელები კი მომავალში იცხოვრებენ ისე, როგორც აქამდე ცხოვრობდნენ, ან - კიდევ უფრო უკეთესად. სამაგიეროდ "გრენლანდიური ცუგცვანგი" ძვირი დაუჯდება ევროპის ამჟამინდელ ელიტას, რომელმაც პირველივე ოდნავ კრიტიკულ ვითარებაში გამოამჟღავნა სისუსტე, უპრინციპობა, მიდრეკილება კონფორმიზმისკენ და კიდევ ბევრი ცუდი თვისება. ამას ამომრჩეველი არ აპატიებთ და ვერც ყველა არჩევნების შედეგებს გააუქმებენ.

გრენლანდიში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული და ძვირიანი ტურისტული მარშრუტია და თანაც ყველამ იცის, რომ იქ ბუზს არავინ არავის აუფრენს, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და ერთი "მარშუტკა" ჯარისკაცები ძლივს მოაგროვეს ექსკურსიაზე გასაგზავნად.

რას ემსახურებოდა ეს პიარნაბიჯი და რა უთხრეს ამით დანარჩენ მსოფლიოს, გინდა მტერს და გინდ მათ იმედზე მყოფ მოყვარეს?! ავტორიტეტი მოიმატეს ამით, თუ - ძალა?! ვინ შეაშინეს და გააფრთხილეს ამით, ვის თავში მომწიფდა ეს "ახალი სამასი სპარტელის" კარიკატურული ვერსია?!

ამას ხომ სჯობდა, მართლა "მაკდონალდსში" შევარდნილიყვნენ, ან, თუნდაც, გამომთვრალიყვნენ?!" - წერს ვასილ მაღლაფერიძე.