12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით დღეს გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასეს.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, უცხოელი კოლეგების მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 29 აპრილს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში წარიმართა. რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკმაოდ შემჭიდროებულ პერიოდში გაწეული დიდი ძალისხმევის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების 30 წარმომადგენელი დააკვირდა საარჩევნო პროცესს. ჩვენ გვქონდა დღეს კონფერენცია მათთან ერთად და მოვისმინეთ მათი ძირითადი მიგნებები, რეკომენდაციები. აქვე უნდა ითქვას, რომ ისინი წარმოადგენენ ისეთ ქვეყნებს, რომელთა უმრავლესობაშიც დანერგილია სხვადასხვა ტექნოლოგია. შესაბამისად, მათი გამოცდილება, მათი ხედვა ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. თუმცა მთავარია, ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც მათ გუშინდელ არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ვენდორ კომპანიასთან, ჩართულ მხარეებთან ერთად გავაანალიზებთ ამ არჩევნებს და 2024 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო ბევრად დახვეწილი და გაუმჯობესებული პროცედურებითა და სერვისებით დავხვდებით ამომრჩევლებს“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.