თინა ხიდაშელი: სააკაშვილი ქვეყნის უბედურებად მიმაჩნია, მაგრამ დღეს ის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ინსტინქტის მატარებელი პოლიტიკოსია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ხაზგასმით ვამბობ, რომ დღეს საქართველოში ისევ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ინსტინქტის მატარებელი პოლიტიკოსი არის მიხეილ სააკაშვილი. მე მას ხმას არ ვაძლევ, მე მას პატივს არ ვცემ, როგორც პოლიტიკოსს, მე ის ამ ქვეყნის უბედურებად და ბოროტებად მიმაჩნია პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მაგრამ ის არის ერთადერთი სწორი ინსტინქტების პოლიტიკოსი ამ წუთის მდგომარეობით, როგორც მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. თავისი პოლიტიკური ამოცანისთვის, ძალიან სწორად მოქმედებს.
ჯერჯერობით, „ნაციონალური მოძრაობა“ უშეცდომოდ მოქმედებს იმის მიუხედავად, მე რას ვფიქრობ. ამ წუთის მდგომარეობით „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ხელისუფლების გარდა, რომლის საარჩევნო ხედვები, ნაბიჯები უკვე სახეზეა. მან კოალიცია გააკეთა. არის საზოგადოებაში კოალიციაზე მოთხოვნა? მან შემოიერთა სხვა პარტია და თქვა: აგერ ბატონო, ჩემი კარი ღიაა, დავიწყეთ კოალიციის შენება და ვისაც გინდათ მობრძანდით. სწორი და გონიერი ნაბიჯი მათი მხრიდან არის მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გამოცხადება იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც შერჩა ამომრჩევლად, ის სააკაშვილის ამომრჩეველია, ხაბეიშვილის ამომრჩეველი არ არის. ეს მგონი, ყველამ იცის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.