რატომ არის, რომ ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობის შედეგად ჩვენი თანამოქალაქეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას იძულებით ემიგრაციაში გაურბიან, რატომ იცლება ქვეყანა, რატომ იხლიჩება ოჯახები, რატომ ცარიელდება სახლები, სოფლები და ქალაქები? - „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ შეკითხვით მიმართა და წარმოადგინა ბანერი, რომელსაც ეწერა „საქართველო 800 000 მოქალაქემ დატოვა“.
„ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელიწადში საქართველო 800 000 მოქალაქემ დატოვა. ამ დროს, მამუკა მდინარაძე აქ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გვეუბნება, რომ იძულებით ემიგრაციის პრობლემა, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრ ოჯახს აწუხებს, ჩვენ გვეჩვენება. სინამდვილეში კი, 2022 წელს საქართველოს 30 000 მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ბოლო 8 წლის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 112 ათასს უახლოვდება. ჩვენი თანამოქალაქეები იძულებით ემიგრაციაში გაურბიან ინფლაციას, ფასების კატასტროფულ ზრდას, უმუშევრობას და უპერსპექტივობას“, განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე განმარტებით, გუშინ, კითხვით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.
„რატომ არის, რომ ივანიშვილის 12- წლიანი მმართველობის შედეგად ჩვენი თანამოქალაქეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას იძულებით ემიგრაციაში გაურბიან, რატომ იცლება ქვეყანა, რატომ იხლიჩება ოჯახები, რატომ ცარიელდება სახლები, სოფლები და ქალაქები, რატომ არის, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს? პრემიერ-მინისტრის დუმილის ფონზე, რომელიც მოწყვეტილია ხალხის პრობლემებს და თავს ანგარიშვალდებულად, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილთან თვლის, იგივე კითხვებს გისვამთ თქვენ, როგორც მისი მთავრობის წევრს და როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარეს. თქვენ, პირადად და ინსტიტუციურად ვალდებული ხართ პასუხი გასცეთ კითხვას - გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო, რატომ უწევს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეს იძულებით ემიგრაციაში წასვლა საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.