საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს და მოითხოვს საქართველოს პარლამენტის წევრებს მიეცეთ უფლება, რომ შეხვდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და თინა ბოკუჩავა მის ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს;
„რიგ საკითხებში ბუნებრივია არ ვეთანხმები ბატონ იაგოს, მაგრამ აბსოლუტურად ვეთანხმები იმ შეფასებაში, რომ სრულიად გაუმართლებელი და უკანონოა თქვენი გადაწყვეტილება, რომ ერთპიროვნულად და ბლანკეტურად აუკრძალოთ ყველა დეპუტატს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვე. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ბატონო შალვა, მათ შორის ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით, ეს არ არის მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა და ამას ადასტურებს მათ შორის ბატონი იაგოს დღევანდელი განცხადება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და მასთან პირდაპირ კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის. თქვენ არ გაქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი.
გასაგებია, რომ ივანიშვილის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არცერთი პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის „ოცნების“ მმართველობის პირობებშიც ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა. ძალიან გთხოვთ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტოთ ივანიშვილის მონურ მორჩილებას რით ადასტურებთ ამ ნაწილში, რომ პარლამენტის წევრებს უკრძალავთ პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ