„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ყველა ოპოზიციონერმა მაქსიმალური კონსოლიდაციისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი ისტორიული არჩევნებისთვის, რომელიც თავისი მნიშვნელობით ქვეყნის ბედს გადაწყვეტს.
„წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ეს, ვადამდელი არჩევნები თუ 2024 წლის არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეძლოს კონსოლიდაცია, მაქსიმალური კონსოლიდაცია ისტორიული არჩევნებისთვის, რომელიც თავისი მნიშვნელობით გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს, არა მხოლოდ იმას, ვინ დაიკავებს კონკრეტული მინისტრის თანამდებობას. ეს არჩევნები ამაზე არ არის, ეს არჩევნები არის იმაზე, ჩვენს ქვეყანას ექნება ევროპული მომავალი თუ გახდება რუსეთის პერიფერია. შესაბამისად, ჩემი აზრით, ყველა ოპოზიციონერმა აქედან უნდა იმსჯელოს და მაქსიმალური კონსოლიდაციისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ყველა წინა არჩევნებში ვიყავით მთავარი მოთამაშე და დღესაც ვართ მთავარი მოთამაშე პოლიტიკურ ველზე, მთავარი პროდასავლური ოპოზიციური გუნდი და, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და კონსოლიდაციით მივიდეთ არჩევნების თარიღამდე და შემდეგ შევძლოთ კოალიციური მთავრობის შექმნა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ფორმალურ კოალიციებს წინასაარჩევნოდ. ეს არის წარმატების და გამარჯვების ფორმულა, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ფორმულა. ვინ როგორ ხედავს საკუთარ თავს ამ კონფიგურაციაში, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ ერთმანეთთან ხიდების დაწვის მცდელობა არ იყოს, რადგან ეს იქნება პირდაპირ უარის თქმა გამარჯვებაზე და. ჩემი აზრით, ამის უფლება არ აქვს არცერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელიც თავს მოიაზრებს პროდასავლელად და ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები.
კონსოლიდაციას სხვადასხვა ფორმა აქვს და ეს მაინცდამაინც არ გულისხმობს წინასაარჩევნო ერთობას, მით უმეტეს, როცა ფორმალური ბლოკები წინასაარჩევნოდ ისედაც აკრძალულია, მაგრამ კონსოლიდირებული გზავნილები და მოქმედება, კონსოლიდირებული წინასაარჩევნო ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ აუცილებელი და გარდაუვალია. ოპოზიციურ ველზე ურთიერთთავდასხმა წაადგება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს და მოემსახურება მხოლოდ რუსული რეჟიმის შენარჩუნებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არცერთი პროდასავლელი ოპოზიციონერის ინტერესში არ შედის და ამის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციონერი მოთამაშე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.