მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს შეეხებოდა, სწორებას აკეთებდა სწორედ ერთობის მიზანზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება, თუ ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება.
„იმ პირობებში, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას გვექნება ჩვენ-ჩვენი საარჩევნო ნომერი, გვეყოლება ჩვენ-ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გვექნება ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ყველას შეგვიძლია, გვყავდეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ერთობის შექმნა იქ, სადაც არის ქვეყნის ინტერესი. რას გადაწყვეტს დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეს მისი გადასაწყვეტია, მისი პერსონალური პრეროგატივაა, თუმცა დღეს ნამდვილად არის ბრძოლის დრო იმისთვის, რომ მოვიტანოთ ცვლილება. იმედი მაქვს, თითოეული ადამიანი აცნობიერებს იმ პოზიტიურ როლს, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს საერთო ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი, ბოკუჩავა აცხადებს, რომ საერთო ოპოზიციურ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა მნიშვნელოვანია.
„მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დისკუსიის გახსნა საერთო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით და შემდეგ განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა. მთავარია ერთობა, კონსოლიდაცია, შეთანხმება და რწმენა ამომრჩეველში, რომ, დიახ, ოპოზიციას ერთობლივად, ქვეყნის ინტერესში მუშაობა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, ამ სულისკვეთებით ჩვენ შევძლებთ კონკრეტული კანდიდატის სახელზე და გვარზეც შევთანხმდეთ“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.