ე.წ. საგამოძიებო კომისია, სინამდვილეში ღალატის კომისია, გარდა იმისა, რომ მიზნად ისახავს საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერას რუსული ვერსიით და 2008 წლის ომის საქართველოზე დაბრალებას, ასევე მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ოპონენტების განეიტრალებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში და ეს არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი სიმამაცით იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი არიან საპროტესტო ძალის მთავარი მონაწილე და მთავარი აქტორი. წულუკიანის ღალატის კომისიის გამოყენებით ზურა ჯაფარიძის განეიტრალება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიზანია ივანიშვილისთვის. ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ და ამას არც ზურა გამორიცხავს, რომ დღეს ე.წ. სასამართლომ და სინამდვილეში უსამართლობის ბასტიონად ქცეულმა ამ შენობამ, ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ პატიმრობა გამოიყენოს, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, გირაოს არ გადაიხდიდა, თუმცა ეს არის ადამიანის პერსონალური არჩევანის საკითხი.
„ივანიშვილს განსხვავებული მიდგომები საშინლად აღიზიანებს და თავის პროპაგანდას გამოიყენებს ოპოზიციონერების დისკრედიტაციისთვის. სიმართლე კი ის არის, რომ ეს არის ძალიან პერსონალური არჩევანი, გადაიხდის თუ არა ადამიანი ამ უკანონო გირაოს. პირადად მე რომ დავდგე ამ არჩევანის წინაშე, არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ნამდვილად არ გადავიხდიდი ივანიშვილის ამ ხარკს. ვაფასებ ზურა ჯაფარიძის გამბედაობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან პირადი გადაწყვეტილება. ტყუილად ცდილობს ივანიშვილის პროპაგანდა, რომ ამ გზითაც მოახდინოს ოპოზიციის წევრების დისკრედიტაცია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 16 აპრილს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. რომლის გადახდის ვადა დღეს იჭურება.
პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე