ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას უსამართლოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში ბზარების გაჩენა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა.
"დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება, მისი სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის უფლება - კი პრივილეგიად, მაშინ როდესაც ის სწორედ იმ სასამართლოს მიერაა დატყვევებული, რომელიც მიტაცებულ არჩევნებს ივანიშვილს უფორმებს, რომელმაც მეხუთე პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყო და რომელსაც არა ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერისთვის გამოუტანია პოლიტიკური განაჩენი. ოპოზიციაში ბზარების გაჩენა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა დღეს, რადგან იცის, რომ ერთიანი ოპოზიციის პირობებში მიტაცებული არჩევნები ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ვისაც ივანიშვილმა არჩევანი მოპარა და რომლებიც ჩვენგან ერთიანი ძალებით გამარჯვების დაბრუნებას ელიან, ყველაზე მეტად ამ ერთობას გავუფრთხილდეთ", - წერს თინა ბოკუჩავა.