ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშში არსად არ არის მოწოდება ოპოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე. ერთადერთი მოწოდება ოპოზიციაზე არის ერთიანობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) ანგარიშზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:
არსად, ვიმეორებ, არსად ანგარიშში არ არის მოწოდება ოპოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე;
ერთადერთი მოწოდება ოპოზიციაზე არის — ერთიანობა;
ოპოზიციური ერთობის მაგალითად ევროპარლამენტარებს ამავე აბზაცში და ამავე წინადადებაში მოჰყავთ მშვიდობიანი პროტესტი;
ამიტომ, თუ მაინც და მაინც ვინმეს სურს სტრიქონებს შორის გზავნილის ამოკითხვა, ეს უნდა ამოიკითხონ: მოწოდება პროტესტზე და არა კოლაბორაციონიზმზე;
ამავე ანგარიშში ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას;
ანუ, გამოსავალი ამ ანგარიშშიც არის საპარლამენტო არჩევნები;
იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი „ქოცური“ ნარატივის კულტივირებას არ დაიწყებს, თითქოს ევროპარლამენტი ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში შესვლისკენ მოუწოდებს და არავინ გახდება „ქოცური“ პროპაგანდის ინსტრუმენტი“, – წერს თინა ბოკუჩავა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა. პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.