აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ პირველად, აშშ არ შეუერთდა საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას გაერო-ში. ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა მეგობრების გარეშე დატოვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არის „რუსული ოცნება“, სადაც საქართველო დარჩენილია რუსეთის პირისპირ, საერთაშორისო იზოლაციაში, მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც უწყება, ოფიციალურად აღარ არსებობს. გუშინ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოზე 2008 წლის ომის დახურული განხილვის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, პირველად 17 წლის მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატები არ შეუერთდა. ეს არ არის ქართული დიპლომატიის კრახი, ესაა დასტური იმისა, რომ ქართული დიპლომატია მკვდარია. იმდენად გადაიმტერა ივანიშვილის რეჟიმმა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის ღია მხარდაჭერამ 2008 წელს, ქართული ჯარის გმირობასთან ერთად, შეაჩერა პუტინი და შეგვინარჩუნა სახელმწიფო, დღეს ომის საკითხზე განცხადებისგან თავს იკავებს!

რატომ? იმიტომ, რომ დღეს ივანიშვილის რუს-ქოცური რეჟიმი ამერიკას მტრად აცხადებს, ომის დაწყებაში ადანაშაულებს და მოკავშირეებად რუსეთს, ჩინეთსა და ირანს აცხადებს! ამერიკა მოიძულეს, მაგრამ ქება-დიდებას იმსახურებენ რუს-ქოცები ამავე გაერო-ში პუტინის წარმომადგენლის მოადგილისგან. ვინმე დიმიტრი პოლანსკი ამაყობს, რომ საქართველოს დღევანდელი (დე ფაქტო) ხელისუფლება სიბრძნით მოქმედებს, რის შედეგადაც საქართველო რუსეთის მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და რუსი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ამიტომ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2012 წლიდან, რომ ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არის „რუსული ოცნება“, არის პუტინის ოცნება, სადაც საქართველო დარჩენილია რუსეთის პირისპირ მარტო, საერთაშორისო იზოლაციაში, მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე. პუტინთან ურთიერთობის კი მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს: მონობა, მსახურება, მძევლობა და ჩაგრვა.  მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის ქართველი ერი ივანიშვილთან წააგებს? არა! არამც და არამც! ჩვენ გავიმარჯვებთ და დავიბრუნებთ ეროვნულ ღირსებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ივანიშვილმა აყარა! ჩვენ დავიბრუნებთ საქართველოს!“ – წერს თინა ბოკუჩავა.