საქართველოში ფერადი რევოლუცია უკვე იყო და ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ფერადი, დემოკრატიული რევოლუციების ეშინია, არის რუსეთი, რომელსაც უსაფრთხოების კონცეფციაში უწერია ეს ყველაფერი, „ქართული ოცნებაც“ რუსეთთან ერთად ამ გზავნილშია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კრემლის ნარატივს იმეორებს, როცა მაიდანიზაციას ნეგატიურ კონტექსტში იყენებს ისე, რომ არ ახსენებს რუსეთის ფაქტორს და რუსეთის განგრძობით ომს უკრაინის წინააღმდეგ.
"კონგრესმენის შედარება მაიდანთან დაკავშირებით იყო იმ კუთხით, რომ ხალხს სურს ევროპა და ხელისუფლება ამას ეღობება. სხვა დანარჩენი პარალელები აქ არის ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციურად გამოყენებული იმ ფონზე, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი, გამქრალია მათი ნარატივიდან. საქართველოში ფერადი რევოლუცია უკვე იყო და ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ფერადი, დემოკრატიული რევოლუციების ეშინია, არის რუსეთი, რომელსაც უსაფრთხოების კონცეფციაში უწერია ეს ყველაფერი, „ქართული ოცნებაც“ რუსეთთან ერთად ამ გზავნილშია.
რაც შეეხება მაიდანს, მაიდანი მოაწყო ხალხმა, რამდენადაც იანუკოვიჩი წავიდა ხალხის ნების წინააღმდეგ, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა. მაშინ როდესაც მაიდანიზაციას ნეგატიურ კონტექსტში იყენებს „ქართული ოცნება“, ისე, რომ არ ახსენებს რუსეთის ფაქტორს და რუსეთის განგრძობით ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის, ყირიმის ანექსიას, ეს არის ერთი ერთში კრემლის ნარატივის გამეორება.
მაშინ, როდესაც ხალხს შორდება ხელისუფლება და ხელისუფლება გადის კონსტიტუციური სცენარიდან, ბუნებრივია, ხალხს აქვს გადაწყვეტილების უფლება. აქ რომ ვინმე რევოლუციას აწყობდეს სუს-ის დაანონსებული სცენარების შედეგად, ეს აქამდეც იქნებოდა განხორციელებული, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს არის კიდევ ერთხელ კრემლის ნარატივის მხარდამჭერი განცხადება „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.