სანქციების მეშვეობით იზრდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რათა ჩვენ დავრჩეთ დემოკრატიული, ევროპული კურსის სადარაჯოზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
თეონა აქუბარდია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებს გამოეხმაურა.
„სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ ლიდერებისა თუ წევრების მიმართ არის უმძიმესი ვითარება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ხელისუფლებამ, რომელსაც „ღირსებით“ მიჰყავდა ქვეყანა ევროპისკენ, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რა მძიმე მოცემულობაში ჩააყენა ქართველი ხალხი. სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სანქციები არის ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი დემოკრატიის, ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. მიუხედავად თვენახევრიანი დიალოგისა, სურვილისა, რომ დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა. სწორედ ამას გულისხმობს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აქცენტი კონსტიტუციიდან გასვლაზე.
შესაბამისად, სანქციების მეშვეობით იზრდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რათა ჩვენ დავრჩეთ დემოკრატიული, ევროპული კურსის სადარაჯოზე. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ქვეყანა ბოლომდე არ წაიყვანოს ავტორიტარიზმისკენ და გაფრთხილება, რამდენადაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას თუ გააგრძელებს, ამას დამატებითი სანქციები მოჰყვება. ბუნებრივია, ეს საკმაოდ დიდი არასტაბილურობის შემქმნელი პროცესია ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ქვეყანაში, რომლის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპა. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.