კანდიდატი წევრი ქვეყნის ვალდებულებაა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა საუბრით, თუმცა საპირისპირო მიმდინარეობს დრაკონული კანონების მიღებითა და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვით, – ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსი განცხადებას ეხებოდა.
მისივე თქმით, მთავარია არ დაზიანდეს ქართველი ხალხის ინტერესები.
„ბიძინა ივანიშვილის პირობებში საქართველო ჯერ კიდევ ევროსაბჭოს წევრია და ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი გვაქვს, რომლის საფუძველი ივანიშვილმა სწორედ ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული ქმედებებით შეარყია. ბუნებრივია, კანდიდატი წევრი ქვეყნის ვალდებულებაა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა საუბრით და არა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არაადამიანური მეთოდების გამოყენებით. მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო მიმდინარეობს კიდევ უფრო დრაკონული კანონების მიღებითა და დემოკრატიის საბოლოოდ ფეხქვეშ გათელვით, რა თქმა უნდა, განცხადებები გასაგებია.
თუმცა, ამ განცხადებებს რომ არაფერი მოჰყვება. რა შეურაცხყოფაც ვნახეთ ირაკლი კობახიძის მხრიდან, დარწმუნებული ვარ, დამატებით სანქციებს და ადეკვატურ ქმედებებს გამოიწვევს. ამ ვითარებაში მთავარია, რომ ქართველი ხალხის ინტერესები არ დაზიანდეს, რადგან ის პროგრესი, რაც აქამდე გვქონია, ეს არაა ივანიშვილის რეჟიმის დამსახურება. შესაძლებელია, ივანიშვილისთვის მთავარი ქართველი ხალხის დაზიანება იყოს, რასაც შეგნებულად ახორციელებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.