„ჩვენ მიმართ მორიგი არასამართლიანი დამოკიდებულებაა. ეს ყველაფერი უკვე დამტკიცებულად ითვლება? სანქციები ეკისრება ხალხს, თუ მათ მიერ დამტკიცებულად ითვლება რაიმე ტიპის გადაცდომა, მათ შორის რაიმე საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების, ურთიერთობების დარღვევა ან რაღაც კრიმინალური ნაბიჯის გადადგმა. „ბიბისი“ ვისაც დაეყრდნო, ისინი საქართველოში რას აცხადებენ, უკვე ხომ ხედავთ. როგორც კი სასამართლოს წინაშე გამოკითხვაზე მივიდნენ, ყველა ხელებს ასავსავებს და ამბობს, რომ არა, მე ეს არ მითქვამს, ეს საკითხი საერთოდ არ გამომიკვლევიაო. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

"მთავარმა მოწმემ ისიც კი თქვა, ლიტერატურის გაცნობაც ვერ მოვასწარიო.  ასეთი ხალხის ჩვენების საფუძველზე შეიძლება რაიმე სამართლებრივი საფუძველი შეიქმნას? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სამართლიანობას, სამართალს არაფრად დაგიდევენ. ამას პირველად არ აკეთებენ. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება, რაც უნდათ, ის უქნიათ. თავადაც დავაძალებ მთავრობას, ვინც ამაშია გარეული, დაასანქციროს კი არა, დაუყოვნებლივ დააპატიმროს, მაგრამ, დარწმუმებული ვარ, დიდი ტყუილი, რომელიც თავის ჭკუაში გამოაცხვეს, მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდება.  როგორც დამთავრდა ყველა მიმართვა სტრასბურგისა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, სადაც ყალბი ნარატივებით მივიდნენ, ესეც ასე დაუმთავრდებათ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. 

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ , პარტია „ქართულმა ოცნებამ“  გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მივიღეთ გადაწყვეტილება, BBC-ის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში

ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით