სტუმრები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ თბილისში რა თქმა უნდა დასავლეთიდან არიან, მაგრამ სახეზეა იმის მცდელობა ქართველ ხალხს მოგვაჩვენონ, რომ ისინი არიან თვით დასავლეთი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედის კვირაში“.

„რა თქმა უნდა დასავლეთი გაცილებით უფრო ფართო ცნებაა და ისინი არ გამოხატავენ ყველა შემთხვევაში ფართო საზოგადოების აზრს. მოცემული სტუმრები არიან პირდაპირი პოლიტიკური მოკავშირეები იმ ქართული პოლიტიკური დესტრუქციული ძალების, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ამყოფეს არაერთი წლის მანძილზე, რომლებიც დღესაც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ ქვეყნის შვილები არიან. საერთო ასპარეზზე იქნება ეს, თუ ქვეყნის შიგნით და არ აძლევენ საშუალებას ჩვენს ქვეყანას, რომ ის წინ წავიდეს და განვითარდეს.

შესაბამისად ეს მცდელობა კონფერენციის სახით, რომ ქართველ ამომრჩეველს, ჩვენს ხალხს მოაჩვენონ, რომ დასავლეთი ჩამოვიდა ფეხით იმისთვის, რომ თავის მოკავშირეს დესტრუქციულ - ფაშისტური მეთოდებით მებრძოლ ქართული ოპოზიციის ამ ნაწილს მხარი დაუჭიროს. რა თქმა უნდა ეს არის მცდარი რეალობის შექმნა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.