მოსკოვში ნასწავლმა კაცმა ტერიტორიები დაკარგა და მე მეუბნება, რუსი ხარო - დღესაც რომ პასპორტში „Георгий“ გიწერიათ, ეს მაინც შეცვალეთ, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კომისია ოკუპანტის საქმეს აკეთებს.

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მოგვაყენეთ, მათ შორის, პიროვნული. ზოგიერთს დაგვიწუნეთ წარსული. რუსეთში განათლებულმა და იქ ნამუშევარმა კაცმა, რომ თურმე მე ვარ რუსი. ტერიტორიები დაკარგა კაცმა და მე მეუბნება, რუსი ხარო. მოსკოვში ნასწავლი! დღესაც რომ პასპორტში „Георгий“ გიწერიათ, ეს მაინც შეცვალეთ. ჩვენს კოლეგას მაიყენეთ პიროვნული შეურაცხყოფა, რაც პოლიტიკოსისითვის უღირსი საქციელია,“ - მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს უთხრა, რომ შეურაცხყოფის მიყენება „არც უფიქრია“.

მანამდე, თეა წულუკიანმა გია გახარიას უთხრა, რომ კომისიაზე მომზადებული მივიდა, ალიბიც აქვს, თუმცა ეს ალიბი არ ვარგა.

„ჩემი თხოვნა იქნება, თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ, ეს ალიბი სახლში დატოვეთ, არ ვარგა,“ - მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: „თქვენ ჩემზე ნუ ღელავთ“.

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა კომისიის წევრებს კითხვების დასმა სთხოვა, გახარიამ თქვა, რომ მას არ დაუსრულებია, რაზეც თავმჯდომარემ განაცხადა: „მე გადავწყვიტე, რომ ვსვამთ კითხვებს. დამშვიდდით, დაწყნარდით. ა და ბა“.

პასუხად, გიორგი გახარიამ იკითხა: „ეს ტრიბუნალია?!",  რაზეც თეა წულუკიანმა თქვა: „ეს არის კვაზი ორგანო. კვაზი რას ნიშნავს, იურისტები ხომ იმალებიან ეკრანის უკან და აგიხსნიან ამასობაში“.