თბილისში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ გაიმართება.
რუსთაველის გამზირზე აქცია 19:00 საათზე დაიწყება.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, აქ მცხოვრები უკრაინელები ვერთიანდებით და გავმართავთ აქციას პარლამენტთან.
24 თებერვალი არის დღე, როდესაც პუტინის რუსეთმა სასტიკი დამპყრობლური ომი დაიწყო უკრაინაში. ეს ომი დღემდე გრძელდება და აუცილებლად უკრაინის და უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლი ქართველი გმირების გამარჯვებით დასრულდება. ქართველ ხალხს, კარგად გვესმის ამ ბოროტებასთან ბრძოლის ფასი, თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი, მტერზე გამარჯვების ფასი. ამიტომ ქართველი ხალხი ომის დაწყების წუთიდან განსაკუთრებულად სოლიდარულები ვართ გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის მიმართ. 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, გავერთიანდებით და კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერას გამოვუცხადებთ თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის მებრძოლ გმირებს. გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად ჩვენი გმირებისთვის, ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის! 24 თებერვალს ვაჩვენოთ, სად არის საქართველო და რა არის საქართველო!
24 თებერვალს თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით 19:00 საათზე შეიკრიბებიან რუსთაველის მეტროსთან და მსვლელობით შემოუერთდებიან უკრაინის სოლიდარობის აქციას პარლამენტთან”, - აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.