პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით წარადგინა.

მისი თქმით, ახალმა „თავდაცვის კოდექსმა“ სისტემაში ინსტიტუციური რეფორმები განაპირობა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურია.

„2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სისტემაში ხდება და მომზადება ნატო-ს სტანდარტებით ხორციელდება. შემუშავდა სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც მაქსიმალურად არის ახალგაზრდებზე მორგებული. რეფორმამ გვაჩვენა, რომ პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამასთანავე, გარკვეული საკითხები დაზუსტებას და სრულყოფას საჭიროებს და ცვლილებათა პაკეტი სწორედ ამას ემსახურება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ცვლილებები ტერმინთა გასწორების და განმარტების გარდა, შინაარსობრივ საკითხებსაც მოიცავს.

პარლამენტმა კანონპროექტი 89 ხმით მიიღო.