„კანონპროექტი, რომელსაც რუსული უწოდეს და ახალგაზრდებს მოღალატეობრივ აქტად შეასაღეს, დღეს მიღების გარეშეც ეფექტურად მუშაობს და საზოგადოების დიდი ნაწილი მას ყველაზე ეროვნულ ჩანაფიქრად განიხილავს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, მარტის მოვლენების შემდეგ კანონპროექტი, რომელიც წარსულს უნდა ჩაბარდებოდა ისევ ცოცხალია და კანონივით მუშაობს.
„საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორია ე.წ. არასამთავრობო სექტორი და ეს სექტორი ხშირად გამოიყენება ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის. ქართულმა საზოგადოებამ და თავად სახელმწიფომ არაფერი იცის იმის შესახებ თუ რისთვის გამოიყენება არასამთავრობო სექტორისათვის დონორის მიერ გადმორიცხული თანხები მანამ სანამ კონკრეტული მძიმე შედეგების წინაშე არ დავდგებით. მაგალითად: „ფრანკლინის კლუბის“ დაფინანსება, „კანვასის" ტრენინგები, „ტექნიკური მთავრობის“ საგანგებოდ შექმნილი მოდელი და სხვა სახელმწიფოსთვის საყურადღებო გამოცდილებად იქცა.
საზოგადოებამ დაინახა, რომ „კეთილი მიზნები“ ყოველთვის არ ნიშნავს თავის თავს და დონორი ორგანიზაციები კანონიერების დაცვასა და გამჭვირვალობის მოთხოვნას ქართულ არასამთავრობო სექტორთან ერთად დიდი შიშით ემალებიან.
ამ შიშის გამოძახილი იყო „ხალხის ძალის“ ყველაზე ეროვნული კანონპროექტის ჩაგდება, რადგან ის ფულით ამოვსებულ ამ შავ ხვრელში, გამადიდებელი ლუპით ჩახედვის საშუალებას იძლეოდა და ეს კონკრეტულ ძალებს არ აწყობდათ.
კანონპროექტი, რომელსაც რუსული უწოდეს და ახალგაზრდებს მოღალატეობრივ აქტად შეასაღეს დღეს მიღების გარეშეც ეფექტურად მუშაობს და საზოგადოების დიდი ნაწილი მას ყველაზე ეროვნულ ჩანაფიქრად განიხილავს. საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა იყო კონკრეტული ძალებისათვის მარტის მოვლენებში ერთადერთი მიზანი, რათა არასამთავრობო სექტორი აქ და მათი დონორები საზღვარგარეთ, არ გაშიფრულიყვნენ. მარტის მოვლენები იყო კანონსა და უკანონობას შორის ბრძოლა, სადაც არასამთავრობოებმა საკუთარი თავისა და დონორების დასაცავად სამიზნედ მათ მიერვე შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, როგორც იარაღი ისე გამოიყენეს და ბოლოს კანონის პირისპირ მარტო დატოვეს. გამიზნული ქმედება - დაეწვათ პოლიციელები, დაეწვათ პარლამენტის შენობა, იყო საგანგებოდ მომზადებული, ახალგაზრდული ძალით საუკეთესოდ შესრულებული დავალება, არჩევანის წინაშე დაეყენებინათ სახელმწიფო. არჩევანი იყო - სისხლი და კანონი ან უსისხლო უკანონობა.
სახელმწიფომ მაშინ არჩევანი გააკეთა და ამ ხელისუფლების პრიორიტეტი დღემდე ადამიანია, მაგრამ კანონპროექტი, რომელიც წარსულს უნდა ჩაბარებოდა ისევ ცოცხალია და ფაქტია კანონივით მუშაობს. ეს კანონპროექტი კანონივით ცოცხალია.
მინაწერი: ზემოაღნიშნული სექტორის გამჭვირვალობა სახელმწიფო მიზნებიდან გამომდინარეობს, ეს აუცილებელი და სავალდებულოა. დღეს ამ აზრს იზიარებს მარტის მოვლენების დროს შეცდომაში შეყვანილი ჩემი არაერთი ნაცნობი და ალბათ ბევრი სხვაც. მე ამ საკითხზე ჩემს უცვლელ პოზიციაზე ვრჩები - ეს კანონი მისაღებია და მას ალტერნატივა არ აქვს,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.