საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ჩიბურდანიძე თბილისში გუშინ გამართულ აქციას და ამ აქციაზე პოლიციელების ქმედებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული პოლიცია ევროპულ სტანდარტზეც კი მაღლა დგას.
„გუშინ, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების ყურებისას, თვალწინ მიდგებოდა ევროპულ სახელმწიფოებში და ამერიკაში მსგავსი მიტინგების დროს პოლიციის მკაცრი ქმედება. საფრანგეთში ამაზე ბევრად დიდი საპროტესტო აქციები თითქმის ყოველ კვირაში იმართება და ვხედავთ, როგორ იყენებს პოლიცია ძალას მათ დასაშლელად. ქართულმა პოლიციამ მთელი ამ დღეების განმავლობაში აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას. პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, პოლიციამ არ მისცა მათ ამის საშუალება.
თუმცა, არ ვიცით, როდემდე გასტანს მათი მცდელობა, გაამძაფრონ პროვოკაციები და პოლიციამ კანონის სრული დაცვით იმოქმედონ. საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში. უპირველეს ყოვლისა იმათ, ვინც ვითომ დემოკრატიის დაცვით უცხო ძალების მონობისთვის იმეტებს ქვეყანას. მათი ზრახვები ფუჭია და ამის აღსრულებას ვერ შეძლებენ, მაგრამ ხომ ცდილობენ არიონ ქვეყანა? ფაქტია, ვიღაცას გარედან საქართველოში სისხლისღვრა სურს“, - წერს ჩიბურდანიძე.