„ამ ქვეყნად ყველაზე ღირებულია რწმენა, სამშობლო და ოჯახი, რომელზედაც, ზოგადად, ადამიანის ცხოვრება დგას. არამხოლოდ ქრისტიანობა, არამედ ყველა რელიგია ამას ქადაგებს. ყველა რელიგიის ღირებულებებს იცავდნენ გუშინ უნგრეთში და დღესაც გრძელდება ეს კონფერენცია“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
თამარ ჩიბურდანიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), რომელიც ბუდაპეშტში ჩატარდა და აღნიშნა, რომ ამ კონფერენციამ ფსევდოლიბერალებს კონსერვატიზმის ძალა დაანახა.
„ბუნებრივია, გუშინდელი დღე, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენცია (CPAC), რომელიც ბუდაპეშტში ჩატარდა და რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, ფსევდოლიბერალი და რადიკალური ოპოზიციისთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან დაინახეს, რომ მათ წინ უზარმაზარი ძალა აღუდგათ, რომელსაც კონსერვატიზმი ჰქვია. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ევროპა, მსოფლიო დადგა ფეხზე. კონფერენციას უძლიერესი ექსპერტები და პოლიტოლოგები ესწრებოდნენ, რომელთა ნაწილი ამერიკიდან იყო წამოსული.“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემაში ასევე გაიხსენა მისი მონაწილეობით შექმნილი დემოგრაფიული პროექტი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა, თუმცა მისი განხორციელების წინააღმდეგ წავიდნენ „რესპუბლიკელები“. როგორც თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ეს პროექტი მაინც ხორციელდება.
„2012 წლის შემდეგ, მას მერე, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, სახელმწიფოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა წარვუდგინეთ (ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ წარუდგინა ბატონ ბიძინა ივანიშვილს) და ამაზე მუშაობა დავიწყეთ. ვერ წარმოიდგინეთ „რესპუბლიკელები“ როგორ ებრძოდნენ ამ პროექტს. ბიძინა ივანიშვილი „შეჭამეს“. იბრძოდნენ იმისთვის, რომ დემოგრაფიული პროექტი საქართველოში გაჩერებულიყო. ხმალამოწვდილი გვებრძოდნენ, მაგრამ მაინც არ გაგვიჩერებია ეს პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში შეგვაფერხეს, დაგვლოკეს, ენით აღუწერელი ტკივილი მოგვაყენეს - ვერ გაგვაჩერეს. ამ პროექტს დღემდე ვაგრძელებთ და შედეგებიც გვაქვს. ამბობდნენ, რომ ეს ფაშისტური პროექტი იყო და რომ დემოგრაფია ფაშიზმია, მაშინ, როდესაც, ჩვენ გაეროს განვითარების ფონდთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ამაზე. დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოს გენოფონდი, ყველა ეთნიკური შემადგენლობით, რომელიც ისტორიულია, გადაგვერჩინა. ეს ყველაზე დიდი ეროვნული პროექტია დღეს საქართველოში, ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად. ასევე, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ევროპასაც აწუხებს“. - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.