ახალი არ არის, რომ რუსეთი ჩვენი სუვერენიტეტით ვაჭრობს, სულელი არავინ არის, რუსეთში ყველამ კარგად იცის, რომ ნატო მას თავს არ დაესხმება, მაგრამ რა წუთშიც საქართველო ნატო-ში შეასწრებს რუსეთს, იმ წუთიდან საქართველოს სუვერენიტეტს რუსეთი ვეღარ წაართმევს, ვერც უკრაინას. შესაბამისად, მისი ინტერესია, ამ ქვეყნებმა სუვერენიტეტი არ განიმტკიცონ. - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“  ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

"ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რომ პრობლემებია, 2008 წლიდან არის ცნობილი, ბუქარესტის სამიტიდან არის ცნობილი. ტრამპი ახალს არაფერს ამბობს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობს. ერთია, ტრამპი რას ამბობს, მეორეა, ჩვენ რა გვაწყობს და ჩვენ რაზე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი ამოცანაა ნატო-ში ინტეგრაცია, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ამაზე თავისუფალი სამყაროს ლიდერი. თავისუფალი სამყარო იმიტომაა თავისუფალი, რომ იქ ლიდერებიც იცვლებიან და შეხედულებებიც იცვლება. ძალიან ბევრი დაპირება გაცემულა საერთაშორისო პოლიტიკაში და შემდეგ ეს დაპირებები ძალიან მარტივად შეცვლილა, ასე რომ, ვერანაირ პრობლემას ამ დაპირებაში ვერ ვხედავ.

არაერთი შეცვლილი დაპირება გვინახავს, მაგრამ ამ ხელისუფლებას, რომელსაც პროტოკოლური მილოცვა უხარია და ამას ასაღებს წარმატებად, არანაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ლობირება სადმე მოახდინოს. ჩვენი უპირველესი ამოცანაა ამ რეჟიმის შეცვლა და მერე ტრამპის დამოკიდებულების შეცვლა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ეს პროცესია, ტრამპი, შეიძლება, ბევრ რამეს დაჰპირდეს პუტინს, მაგრამ პუტინი რას გააკეთებს, ეს ცალკე საკითხია, ამიტომ ჩვენ ყოველთვის შეიძლება, გვქონდეს პუტინის იმედი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა: ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთი საუბრობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, შეგვიძლია, განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე