დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები.
"აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას”, - იუწყება სუსი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აცხადებს, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით საქართველოში უცხოელმა ინსტრუქტორებმა აპრილში ტრენინგები ჩაატარეს, სადაც აქციის ორგანიზატორებმა რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე ინსტრუქციები მიიღეს.
უწყების ინფორმაციაში ასევე საუბარია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული სწავლებების მეთოდებზე.
“მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსისა და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება”, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.