ნებისმიერი დანაშაულის მიმართ, როდესაც არსებობს კანონით განსაზღვრული სასჯელი, ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაული არ ხდება. დანაშაული მაინც ხდება, მაგრამ ისჯება ის ადამიანი, ვინც დანაშაულს სჩადის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას.

მან ისაუბრა, რა მოლოდინი არსებობს ცვლილებების შესაძლო ეფექტზე იმის გათვალისწინებით, რომ აქციის მონაწილეთა მხრიდან ქუჩის გადაკეტვის შემთხვევები ისევ მეორდება.

„წარმოვიდგინოთ, რომ არ იყოს სასჯელები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, გნებავთ, კრიმინალზე, ამ შემთხვევაში რა მდგომარეობა იქნებოდა ქვეყანაში. ამიტომაც, თუ ვინმე დაარღვევს, პასუხისმგებელი იქნება კანონის წინაშე. გარწმუნებთ, ეფექტი ექნება და ეს ეფექტი ჰქონდა გუშინაც და დღესაც“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პარლამენტმა 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ცვლილების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.