„ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით - შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოსა“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას", - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ არც გახარიას და არც ხაზარაძის პარტიას არ აქვს 5 პროცენტის გადალახვის შანსი, შესაბამისად, მათმა უცხოელმა პატრონებმა მათი გაერთიანება გადაწყვიტეს, რადგან რაიმე ხერხით ბარიერი გადაალახვინონ.
დეპუტატის თქმით, მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მის ირგვლივ ურეიტინგო პოლიტიკოსების შემოკრება დაიწყო, „ხალხის ძალამ“ თქვა, თუ რა მიზანი ჰქონდა პრეზიდენტს.
"სამთვე-ნახევრის წინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო გარკვეული მოძრაობა და ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების შეკრება თავის ირგვლივ, „ხალხის ძალამ“ ვთქვით, რომ ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით - შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოსა“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას. ცალ-ცალკე, არც „ლელოს“ და არც გახარიას, არ აქვს 5%-ის გადალახვის შანსი. შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ.