პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მის ირგვლივ ურეიტინგო პოლიტიკოსების შემოკრება დაიწყო, „ხალხის ძალამ“ თქვა, თუ რა მიზანი ჰქონდა პრეზიდენტს.
„ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით - შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას“- განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ არც გახარიას და არც ხაზარაძის პარტიას არ აქვს 5 პროცენტის გადალახვის შანსი, შესაბამისად მათმა უცხოელმა პატრონებმა მათი გაერთიანება გადაწყვიტეს, რადგან რაიმე ხერხით ბარიერი გადაალახვინონ.
„სამთვე-ნახევრის წინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო გარკვეული მოძრაობა და ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების შეკრება მის ირგვლივ, „ხალხის ძალამ“ ვთქვით, რომ ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით - შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას. ცალ-ცალკე, არც „ლელოს“ და არც გახარიას, არ აქვს 5%-ის გადალახვის შანსი.
შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.