მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ ბექა ლილუაშვილის განცხადებას ეხმაურება და იმ მნივნელოვან პროექტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ამ პარტიის ლიდერის - გიორგი გახარიას გამო ვერ შედგა.
"2025 წელს უნდა დამთავრებულიყო 300 მლნ. კუბ. მეტრის მოცულობის სამგორის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა. ეს პროექტი სერიოზულად გაზრდიდა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას, რაც ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტია.
ძლიერი ეკონომიკა კი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გარანტიაც არის და დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობის საფუძველიც. 2020 წელს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უარი თქვა გაზსაცავის მშენებლობაზე, ხოლო ამ მიზნით გამოყოფილი გერმანიის მთავრობის სესხი - 120 მლნ ევრო - კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაამისამართა. ამ დროს საქართველოს უკვე ჰქონდა საკმარისი დახმარება კოვიდის წინააღმდეგ. გახარიას ამ ნაბიჯით საქართველო გაზსადენის გარეშე დარჩა, სესხი კი ჩვენს ვალებს დაემატა.
იქნებ გვიპასუხონ გახარიას თანაპარტიელებმა, ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების შეგნებული ღალატი ხომ არ იყო? და თუ მართლა აწუხებთ საქართველოს იზოლაცია, იქნებ აგვიხსნან, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანას უფრო აქვს დასავლური ინტეგრაციის შანსი თუ მთლიანად სხვის დახმარებაზე დამოკიდებულს? ან იქნებ სწორედ ეს იყო მიზანი - საქართველოს სუვერენიტეტის სრული დაკნინება, რომ უფრო ადვილად სამართავი გავხდეთ გარედან?”, - აღნიშნავს სოზარ სუბარი.