მივმართავთ უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინის პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში ყველა პირი გამოვლინდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იყო და არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი.
„მიხეილ სააკაშვილი არის ზელენსკის მთავრობის მაღალჩინოსანი და ვფიქრობ, უკრაინული მხარის ჩართულობა ამ მიმართულებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ქართული მხარე უკრაინის პროკურატურასთან თუკი დაიწყება გამოძიება, სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების ქმედებების პროგნოზირება რთულია.
„არაერთხელ აღვნიშნე, რომ რთულია პროგნოზი გააკეთო ადამიანებზე, „ქართული ოცნების“ წევრებზე, რომლებიც არიან ოლიგარქის ბანკის თანამშრომლები და შეუძლებელია, ვივარაუდოთ, თუ რა, როგორ და რანაირად შეიძლება, მათ გააკეთონ. ცხადია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავდეთ, რადგან უშუალოდ ვლადიმერ პუტინისგან აქვთ ბრძანება მიღებული. ყველაფერს გააკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმა არ ისმოდეს. ხმა, რომელსაც მთელი მსოფლიო უსმენს. მიმართვის შინაარსი არის, რომ დაისაჯოს და გამოვლინდეს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთ მოპყრობაში. ცხადია, ამ საქმეს ჰყავს მთავარი დამნაშავე, ეს არის პუტინი და ოლიგარქი. ცხადია, ძალიან ბევრი შემსრულებელი ჰყავს ამ საქმეს და აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ დამნაშავეები, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.