ქართველ ხალხს კარგად ემახსოვრება, როგორ მოიქცნენ ის ადამიანები, რომელთაც ყველანაირად ვემეგობრეთ, იმათმა კი, წვრილმან სააკაშვილებსა და წვრილმან პოლიტიკურ ინტრიგებში გაგვცვალეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი, რომელიც სანქციების თემას მოჰყვა, დიდი ლუსტრაციის ეტაპი იყო, გამოჩნდა, ვინ არის მეგობარი და ვინ – არა.
„რაც შეეხება სანქციებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ჰქონდა, გაგვერკვია, ვინ არის ჩვენი მეგობარი და არამეგობარი. ამ მხრივ, ეს პროცესი დიდი ლუსტრაციის ეტაპი იყო, რაც ვიხილეთ. ყველაფერი კარგად გამოჩნდა. ბალტიელების ქცევა ვნახეთ, როგორი იყო ქართველი ხალხის მიმართ. ეს ის დასკვნებია, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებების თაობაზე, რომელთაც წლები და ბევრი ხელისუფლების ცვლა დასჭირდებათ, რომ ქართველების გული კიდევ ერთხელ მოიგონ. სამწუხაროდ, ის დანა, რომელიც ზოგიერთმა ხელისუფლებამ ზურგში ჩაგვარტყა, რა თქმა უნდა, გვემახსოვრება. ქართველ ხალხს კარგად ემახსოვრება, როგორ მოიქცნენ ის ადამიანები, რომელთაც ყველანაირად ვემეგობრეთ – ძმობა, პარტნიორობა და გვერდში დგომა ვაჩვენეთ. იმათმა კი, წვრილმან სააკაშვილებსა და წვრილმან პოლიტიკურ ინტრიგებში გაგვცვალეს. იმ ხალხმა, ვინც ჩვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში იყო, საბჭოთა კავშირის დროს. მათ კიდევ უფრო მეტი ზიანის მოყენება განიზრახეს, ვიდრე სხვებმა. სანქციებს მნიშვნელოვანი ლუსტრაციის ეფექტი ჰქონდა და ამას კარგად ვხედავთ. მათ შორის, ბრიუსელის ამ ქცევამ ქართველ ხალხს დაანახა, რომ ღირებულებებსა და ბრიუსელს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური დღის გამტარებელი ინსტიტუციაა. ზოგიერთს რომ ვუყურებ ბრიუსელსა და ზოგიერთ დედაქალაქში, სანქციები კი არა, მათი ნება რომ იყოს, საქართველოში ტანკსაც შემოიყვანდა დემოკრატიის დასამყარებლად. საშუალება არ აქვთ, თორემ, ზოგიერთს ჭკუა არ მოეკითხებათ. ვატყობთ, ზოგიერთი ამის გამკეთებელიცაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










