ჩვენ ვნახეთ არნახული მასშტაბის უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ვნახეთ უცხოელი პოლიტიკოსები, ჩინოსნები და ზოგიერთი დიპლომატი, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ ქართულ არჩევნებში, ეუბნებოდნენ ქართველ ხალხს, რომ ხმა არ მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამით ჩვეულებრივად ჩარეული იყვნენ შიდა პოლიტიკაში გაერო-ს წესდების და ვენის კონვენციის დარღვევით.

„ეს ხალხი დამარცხდა ამ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათაც გასცა პასუხი ყველა მათ მცდელობაზე, რომ თავს მოეხვია ქართველებისთვის მათი არჩევანი. ამიტომ ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა მოუსმინოს, რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, ეს ხმა იყო საკმაოდ მჭექარე, რათა ვიღაცამ არ მოინდომოს მისი წაყრუება. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ დგას გამჭვირვალობის კანონის უკან, რომ დგას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის უკან. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, იგივე აქტორები, რომლებიც დღეს მოგვიწოდებენ ამ კანონის გაქუმებისკენ, ისინი ჩვენ გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით, გვეუბნებოდნენ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა გამჭვირვალობის კანონი, ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, რა აღმოჩნდა 26 ოქტომბერს? გამოვიდა ქართველი ხალხი და ყველა ამ აქტორს უთხრა, რომ მისი ნება არის ამ კანონებით განხორციელებული. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველა უცხოელმა აქტორმა, თვალი გაუსწოროს იმას, რა არის ქართველი ხალხის ნება და ასე ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა