საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა საზოგადოებას უნდა აჩვენოს ქვითრები და გადარიცხვები, „ვისი ფულით დადიან ქართველი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ“.

„ჩვენ ვნახეთ ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ერთობლივი ტური, რომელიც ახლა ჰქონდათ ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში იყვნენ. ვისი ფულით იყვნენ ამ ქვეყნებში, თქვან. დაასახელონ, აჩვენონ საზოგადოებას ქვითრები და გადარიცხვები, ვინ იყიდა ბილეთი, ვინ განათავსა ისინი სასტუმროში, ვისი ფულით დადიან ქართველი პოლიტიკოსები. აი, ვისი ფულითაც დადიან, იმათი მარიონეტები არიან. ამიტომ გვაჩვენონ, ვისი ფულით არიან წასულები და გაეცემა კითხვას პასუხი პირდაპირ, ვისი მარიონეტები არიან „ენჯეოები“ და ოპოზიციის წარმომადგენლები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.