მოვლენისა თუ საგნის სწორი სახელდება უმნიშვნელოვანესი აქტია. სამწუხაროდ დღეს ეს პროცესი უგულებელყოფილია. ყოველდღიურად შავისთვის თეთრის დარქმევის გაუგონარ თვალთმაქცობას ვადევნებთ თვალს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
მისი განცხადებით, ვხედავთ, თუ როგორ წამოაჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას თავისუფლებად, სიცრუეს კი - ჭეშმარიტებად.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია სხვა არაფერია, თუ არა იმ ყველაფრის უგულებელყოფა, რაც ქართველებისთვის ევროპულ ფასეულობებთან ასოცირდება.
„ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს - მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია, სადაც, წამების რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, ახლა უკვე საჯაროდ მოგვთხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რა არის, თუ არა ნიველირება ყველაფრის, რაც კი ქართველებს ევროპულ ფასეულობებად გვესახება. სწორედ ეს არის სახელების გადანაცვლების შედეგი, სადაც მწამებელი ევროპელია და ომი - მშვიდობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.