ვიხილეთ ეგრეთ წოდებული სპეცრაზმელების სია, რაც ყალბი აღმოჩნდა, აღებულია ძველი საარჩევნო სიებიდან. ესეც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამნეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს: „ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან საუბარია, თითქოს სპეცრაზმელების სიამ გაჟონა. თქვენი შეფასებით, რა მიზანი აქვს ოპოზიციას და ეს ყველაფერი ხომ არ ემსახურება წინასაარჩევნოდ მუხტის აწევას?“

„ეს არის ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი ფორმა, საინფორმაციო თავდასხმა, რომელსაც ახლა ვაკვირდებით და რომელშიც ჩართული არიან უცხოეთიდან დაფინანსებული მედიაპლატფორმები. მართალია, ON.GE მალავს, მაგრამ ვხვდებით, რომ სავარაუდოდ დაფინანსებულია ბრიუსელიდან ან ევროკავშირის წყაროებიდან. ON.GE-მ გამოაქვეყნა რამდენიმე პირის შარშანდელი განცხადება, როგორც ახალი განცხადება, რათა საინფორმაციო ხმაური შეექმნა. მეორე – ვიხილეთ ეგრეთ წოდებული სპეცრაზმელების სია, რაც, სინამდვილეში, ყალბი სია აღმოჩნდა და აღებულია საარჩევნო სიებიდან, მათ შორის ძველი სიებიდან, თუ არ ვცდები, სამი თუ რამდენიმე წლის წინანდელი სიებიდან. სიაში არიან გარდაცვლილი ადამიანები, ასევე ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა პროფესია აქვთ და არანაირი კავშირი ძალოვან უწყებებთან. ესეც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობაა, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული, რათა შექმნან საინფორმაციო ხმაური, დაბნეულობა საზოგადოებაში, ამ დაბნეულობის ფონზე ისარგებლონ და შემდეგ ყალბი ნარატივებით რაღაც ემოციური აღტკინებები გამოიწვიონ საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფში. ეს ყველაფერი არის კოორდინირებული პარტიულ-ენჯეო-მედიასექტორს შორის. ყველა ასეთი კამპანიის უკან იკითხება უცხოური დაფინანსება და მათი მონაწილეობა. ყველა სქემას დეტალურად აკვირდება ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები. რამდენიმე სქემა გაიშიფრა წინმსწრებით, თუმცა საჯაროდ გაუშიფრავი სქემებიც კარგად არის ცნობილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.