ჩვენ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღირებულებებით სხვადასხვა პოლუსზე ვართ, ამას ისიც ადასტურებს, რაც ამერიკულ მედიაში ითქვა, რომ თეთრ სახლში ტერმინი ჩამოყალიბდა – „ევროპის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაცია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ტერმინი პირდაპირ აღნიშნავს იმას, რაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსთაველის გამზირზე ჩაატარა, როცა საგარეო პოლიტიკის ნაწილი თავქარიანი აქტივიზმი ხდება და არა – ინტერესების რაციონალური განსჯა. „სიმართლეს როდესაც საუბრობ, გამოჩნდება ქვეყანა თუ ლიდერი, სადაც თანხვედრა იქნება. მთავარია, სიმართლე. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ეს სიმართლე გვესმის. ევროპაშიც გამოღვიძებას ვხედავთ, ახალი არჩევნებით, პატრიოტული ძალების მოსვლით. ასეთი თანხვედრები ბევრი იქნება და ეს არის გზა ევროპის გადარჩენის და არა ის უფსკრული, სადაც ბიუროკრატიამ და ზოგიერთმა ლიდერმა ევროპა მიიყვანეს. ეს არის გზა ჩვენი სამომავლო ურთიერთობების ევროკავშირთან. იმ ბიუროკრატიასთან, რომელიც ევროპას ცივილიზაციის წაშლით ემუქრება და უფსკრულში ჩაახედა ევროპა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ურთიერთობები რთული იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.








