სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში საეჭვოს ვერაფერს ხედავთ? თქვენ თუ არ გინდათ, რიყეზე ისე გახვალთ, ქვას ვერ დაინახავთ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც დაინტერესდა, „შეიძლება თუ არა, სუს-ის განცხადება, და არა გამოძიების შედეგი, გახდეს საფუძველი შეკრებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლების, დემოკრატიული ნორმების შეზღუდვის“.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „შეთქმულებების და გადატრიალებების სერიები უკვე გასცდა შიდა პოლიტიკას, ანტიამერიკული პროპაგანდის მძლავრი კამპანიის სახე მიიღო და იმდენად ალოგიკურად ეჩვენება ეს ყველაფერი, რომ სერიოზულად საუბარი უჭირს“.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ძალიან დიდი პრობლემაა, როცა სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასერიოზულად აღიქვამენ.
„თქვენ, ადამიანი, რომელიც პოზიციონირებთ როგორც უსაფრთხოების ექსპერტი, ამ საკითხს ასე არასერიოზულად რომ უყურებთ, მგონი, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. მეორე – ასეთი გამოთქმა გვაქვს – ადამიანს თუ არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს. მგონი, თქვენ ნახეთ დღეს კადრები და თუ არ გინდათ, რა თქმა უნდა, იქ ვერაფერს დაინახავთ. თქვენ ხომ გამომძიებელი არ ხართ, თქვენ ხომ უსაფრთხოების ექსპერტი ხართ? თქვენი ექსპერტული, პატრიოტული გადმოსახედიდან, აქ საეჭვოს ვერაფერს ხედავთ? პრობლემა ეს არის. თქვენ თუ არ გინდათ, რიყეზე ისე გახვალთ, ქვას ვერ დაინახავთ. ასე რომ, განცხადება იქნება, თუ სხვა რამე საფუძველი, არ ვიცი. უბრალოდ განმარტებას მოგცემთ კანონპროექტზე, ჩვენ აქ შინაარს არ განვიხილავთ. ინიცირებული არის კანონპროექტი, ყველა ეს არგუმენტი, რაც შეეხება კანონპროექტის კონსტიტუციურობას, თუ სტანდარტების შესაბამისობას, შეგიძლიათ კომიტეტში წარმოადგინოთ და გქონდეთ ცხარე კამათი ამასთან დაკავშირებით, როგორც კომიტეტში, ისე პლენარული სხდომის დროს. ჩვენ აქ ვწყვეტთ ორ საკითხს. ერთია, რომ ინიცირებული პროექტი უნდა გადავცეთ კომიტეტებს, დავადგინოთ კომიტეტი და მეორე, ვწყვეტთ საკითხს, იყოს თუ არა კანონპროექტი დაჩქარებული. გთავაზობთ, მოვუსმინოთ ინიციატორს, რატომ უნდა იყოს დაჩქარებული. გთხოვთ, მოვერიდოთ შინაარსობრივ განხილვას, რადგან ბიურო არ არის ამის ასპარეზი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.