თენგოს, გრიგოლის და სხვა ტოპტვინების შემდეგ იმედი გადაწურული ჰქონდათ და ჰოი, საოცრებავ, აღმოაჩინეს, თურმე საქართველოში პარტიები არიან დაკავებული პარტიული სამუშაოთი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვრცელდება დეზინფორმაცია ამომრჩეველთა მობილიზაციასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საარჩევნოდ ამომრჩეველთა მობილიზება საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია.

„გაიარეს რა ეს თემები და ვერაფერი მოიფიქრეს, ვერც თენგომ რომ ახსნა და ვერც ტოპტვინებმა, ბოლოს „ტვ პირველის“ იმედად დარჩა ბატონი ხაზარაძე და დანარჩენი ოპოზიცია. აღმოაჩინეს, თურმე პარტიები საკუთარ ამომრჩეველთან არიან კავშირზე, საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრებიან, ახდენენ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას.

ამან უკვე მიიღო ფაშისტური ხასიათი სოცქსელში. ჩვენ ვნახეთ, რომ ყოფილი სახალხო დამცველი ავრცელებს პერსონალურ ინფორმაციას, თან ისეთი კონტექსტით, რითაც ადამიანებს პირდაპირ მონიშნავს თავდასხმის სამიზნედ. ის ავრცელებს სიებს, სადაც არიან ჩვენი კოორდინატორები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ამომრჩეველთან კავშირზე ყოფნაზე, ამომრჩეველთან დაკავშირებაზე, ავრცელებს ამ სიებს, ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს.  ერთ-ერთ სიაში მას წაშლილი აქვს პირადი ნომრები. ეტყობა, ვერ ხვდება, რომ სახელი და გვარიც პირადი ინფორმაციაა. ავრცელებს ამ ინფორმაციას, თან იმ კონტექსტში, რომ მონიშნული ჰყავს ისინი, როგორც სამიზნე ვერბალური, თუ ფიზიკური თავდასხმისა. ქალბატონი ყოფილი სახალხო დამცველი, დღეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ის ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ასეთი ფაშისტური კამპანიები როდესაც შესაძლებელი ხდება ავროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსების წყალობით, ეს ევროკავშირის პასუხისმგებლობაა.

ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფინანსებელი არის ევროპის დემოკრატიის ფონდი. შეგახსენებთ, ეს ის ფონდია, რომელიც ფარულად ხარჯავს ფულს საქართველოში, მათ შორის პოლიტიკურ აქტივობებში და პოლიტიკურ პარტიებში. ეს არის შედეგი საბოლოო ჯამში – ყოფილი სახალხო დამცველი, არ ვიცი, რანაირად იყო ეს ადამიანი ამდენი ხანი სახალხო დამცველი, როცა ვერ ხვდება, რომ ამხელა დარღვევას სჩადის, როდესაც ადამიანების პერსონალურ ინფორმაციას ავრცელებს. თან იმ კონტექსტში, რომ ის, ასე ვთქვათ, მტრად ჰყავს მონიშნული შესაბამისი კლავიატურის ვერბალური ლომებისა და ზოგიერთი ფიზიკური მოძალადისთვის ამ ადამიანების წინააღმდეგ.

რა ხდება სინამდვილეში – ცნობილი სიუჟეტით, რომელსაც მთელი ოპოზიცია სიხარულით შეხვდა, ვინაიდან თენგოს, გრიგოლის და სხვა ტოპტვინების შემდეგ იმედი გადაწურული ჰქონდათ, რა აღმოაჩინეს – ჰოი, საოცრებავ, თურმე საქართველოში პარტიები არიან დაკავებული პარტიული სამუშაოთი. და საარჩევნოდ, უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს, რომ იცოდე და იცნობდე შენს ამომრჩეველს. მეორე – უზრუნველყო, რომ შენი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. არაერთხელ ვთქვით, რომ არათუ საქართველოში, ამას აკეთებს ყველა პარტია აკეთებს, ვისაც ამისი რესურსი აქვს და თავი პარტიად მიაჩნია. ეს არის საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდი და ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ამაზე ტრენინგებსაც კი ატარებდა „აიარაი“ თუ „ენდიაი“.

წარმოგიდგენთ სახელმძღვანელოებს. პირველი გახლავთ „ენდიაის“ სახელმძღვანელო საარჩევნო კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებით. 350-გვერდიანი სახელმძღვანელოა, ძალიან დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა შეადგინო სიები, ბაზები ამომრჩევლების, როგორ უნდა დაყო ისინი შენს მომხრეებად, მოწინააღმდეგეებად, გადაუწყვეტელებად. როგორ უნდა გქონდეს მათთან კავშირი და კომუნიკაცია, მათ შორის რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო. ამ სახელმძღვანელოში საუბარია, რომ ამომრჩევლის სიყვარული საკმარისი არ არის, თუკი მათ მხოლოდ სახლიდან უყვარხართ. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად კარგი შედეგი გაქვთ კვლევებში, თუკი თქვენი ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე. ასევე ამბობს, რომ გადაამოწმეთ, მისცეს თუ არა ხმა და დაარწმუნეთ, მივიდნენ ხმის მისაცემად, თუკი ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. პირდაპირ აღწერილია მთლიანად პროცესი, დეტალურად და ვსაუბრობდით ამაზე, რომ არა მხოლოდ ჩვენ, ყველა პარტიას ამ ქვეყანაში მიუღია მონაწილეობა ამგვარ ტრენინგებში, სემინარებში, სადაც ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა შედგეს ბაზები, რა ინფორმაცია უნდა იყოს მასში. უფრო მეტი ინფორმაციაა რეკომენდირებული, ვიდრე ამ გავრცელებულ სიებში არის. შემდეგ როგორ უნდა იყოს მათთან კომუნიკაცია და დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე, როგორ უნდა გადამოწმდეს არჩევნების დღეს, იყვნენ თუ არა ისინი არჩევნებზე. შესაბამისად, როგორ უნდა მოხდეს მათი დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ასევე გახლავთ „აიარაის“ სახელმძღვანელო კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებით და აქაც ვნახავთ ასეთ ციტატებს: „გადამწყვეტია ის მხარდამჭერი, რომელიც ხმას აძლევს. თქვენი შრომა შეიძლება დაიკარგოს, თუ არ უზრუნველყოფთ, რომ თქვენი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. შეადგინეთ ამომრჩევლების თქვენი საკუთარი მონაცემთა ბაზა. სახელი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.“. მთელი სიაა ჩამონათვალის, რა უნდა იყოს ამ ბაზაში მესამე – არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაუკავშირდით ყველა მხარდამჭერს და შეახსენეთ, რომ მივიდნენ არჩევნებზე. მეოთხე, არჩევნების დღეს მიაკითხეთ და დაეხმარეთ, რომ მივიდნენ უბანზე, მათ შორის ტრასნპორტირებით და ა.შ.“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები რეალობას შეეჯახნენ და ახლა რაღაც საბაბებს ეძებენ, რომ სამყაროზე საკუთარ წარმოდგენებს მოარგონ.

„ეს არის ის ფარსი, რასთანაც გვაქვს საქმე ოპოზიციის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. როდესაც არ აქვთ არგუმენტი და ეძებენ საბაბებს, რომ მოარგონ სამყაროზე საკუთარ წარმოდგენას. მათი წარმოდგენა სამყაროზე, ფაქტობრივად, ფსევდორელიგიურ მიმართულებად ჩამოყალიბდა ნაცობა, როგორც ასეთი და აქ უკვე პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა აღარ აქვს. ყველა, ვინც ამ ფილოსოფიით მოქმედებს, სინამდვილეში, ამ იდეოლოგიის – „ნაცობის“ წარმომადგენელი არის ფსევდორელიგიის, რომელსაც ჩამოუყალიბეს ახლა, რომ მათ სამყაროში შეუძლებელია, ქართველი ხალხი უარს ეუბნებოდეს ხელისუფლებაში მოსვლაზე. ახლა ამ ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშე არიან, როდესაც ნამდვილ რეალობას შეეჯახნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.