საქართველო იმსახურებდა ყოფილიყო კანდიდატი წევრი. რა თქმა უნდა, შეიძლება ყოფილიყო პირობები, ისე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, მაგრამ ის, რომ კანდიდატის სტატუსზე, რომელიც თავის მხრივ რამე ისეთ დიდ შინაარსობრივ დატვირთვას არ წარმოადგენს და არის წინარე ეტაპი იმისთვის, რომ მოლაპარაკებები იყოს დაწყებული, ამაზეც კი თავის დროზე უარი რომ ითქვა, რა თქმა უნდა, დიდი შეცდომა იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის ანგარიშში საქართველო ლიდერია ასოცირებულ ტრიოში.
„დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რა დონეზე ვიმყოფებით ევროპული ინტეგრაციის კუთხით და ნიშნავს იმას, რაც ჩვენ ვნახეთ ახლა, ევროკომისიის მიერ კითხვარის საბოლოო შეფასების საფუძველზე. როდესაც საუბრობენ ტექნიკურ საკითხზე, მათ უნდათ ამით წარმოაჩინონ, თითქოს საუბარია, გარემოს რეგულაციაზე, თუ წყლის და სხვა რესურსების რეგულაციაზე. ამ კითხვარის პირველი ნაწილი, ე.წ. ფუნდამენტური საკითხები შეეხება სწორედ მართლმსაჯულებას, ანტიკორუფციულ საკითხს და ა.შ. ამაზე მივიღეთ ახლა შეფასებები, სადაც ჩვენ ვართ ლიდერი სამ ქვეყანას შორის, როგორც უკრაინასთან, ისე მოლდოვასთან შედარებით. ფუნდამენტურ ღირებულებით საკითხებში ჩვენ ვართ ლიდერი. ამ კითხვარმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა და აჩვენა მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებს და ისინი კიდევ ერთხელ ხედავენ, რომ ის გადაწყვეტილება არ იყო სწორი, იმ დროს საქართველო იმსახურებდა ყოფილიყო კანდიდატი წევრი. რა თქმა უნდა, შეიძლება ყოფილიყო პირობები, ისე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, მაგრამ ის, რომ კანდიდატის სტატუსზე, რომელიც თავის მხრივ რამე ისეთ დიდ შინაარსობრივ დატვირთვას არ წარმოადგენს და არის წინარე ეტაპი იმისთვის, რომ მოლაპარაკებები იყოს დაწყებული, ამაზეც კი თავის დროზე უარი რომ ითქვა, რა თქმა უნდა, დიდი შეცდომა იყო. კიდევ ერთხელ შევხედოთ კომისიის ანგარიშს, სადაც ჩვენ ვართ ლიდერი ტრიოში, შევხედოთ სხვა მიმართულებებში საქართველოს. სხვათაშორის, ჩვენ ასევე ბოსნიას და ჰერცეგოვინას ვუსწრებთ ძალიან დიდი სხვაობით, რომელმაც დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი, შევხედოთ ყველა მიმართულებით, მაგალითად გენდერთან დაკავშირებით, დღეს ვუყურებდი ანალიზს და საქართველო არის ლიდერი მათ შორის ამ მიმართულებითაც. როდესაც საუბარია თითქოს, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ არის განსაკუთრებით დიდი მაჩვენებლები, თუკი შევადარებთ, ჩვენთან ამ მხრივ ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.