სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერცერთმა ელჩმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა ვერ გაბედა, ერთი სიტყვა ეთქვა დანიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩნდება აღქმა, რომ ბრიუსელისთვის, ზოგიერთი დედაქალაქისთვის მისაღებია, როდესაც მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა ხდება.
„იმ კადრებს, რაც ჩვენ ვიხილეთ, არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ ადამიანურ მოპყრობასთან და ის, რომ ამაზე რეაგირების ნაცვლად ჩვენ გვესმის მართლაც ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების წარმომადგებლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამიტომ უნდა ძაღლები მიექსიათ თურმე და ხელკეტები ერტყათ ადამიანებისთვის და შემდგარიყვნენ მშვიდობიანი მომიტინგეებზე, ეს, რა თქმა უნდა, არ არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანი არის, რომ დანიის ხელისუფლებამ გამოიძიოს მთლიანად ეს საქმე, დაისაჯოს ყველა, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული.
შევახსენებ საზოგადოებას, რომ დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 90-იანი წლების ჩათვლით, დანიაში იყო სისტემური პრაქტიკა გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით და მოტყუებით სტერილიზებისა. ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოტყუებით და იძულებით, მათ შორის არასრულწლოვნების, 12 წლის გოგონების სტერილიზება მოახდინეს მოტყუებით და დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე, არ არიან დასჯილები ის ექიმები, ვინც ამ პრაქტიკაში ჩართული იყვნენ და დღემდე საექიმო პრაქტიკას ეწევიან. ეს პრაქტიკა გათანაბრებული არის ბევრის მხრიდან გენოციდთან. რა თქმა უნდა, როდესაც არის ასეთი შეფასებები ამ პრაქტიკის მიმართ, რომ ეს იყო გენოციდი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან, ამას დიდი ხანი ფარავდნენ და დღემდე არ იძიებენ და არ სჯიან დამნაშავეებს, ეს არის აღმაშფოთებელი და მნიშვნელოვანი არის, რომ გამოძიებული იყოს ბოლომდე და ყველა დაისაჯოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში მყოფი ელჩების მხრიდან დუმილი შესაძლოა აიხსნას იმით, რომ „მათ ეშინიათ, გააკრიტიკონ საკუთარი თანამოკავშირე“ ან შესაძლოა, მათთვისაც „ეს მისაღებია“.
„მესამე – ჩვენ მოვისმინეთ ასევე რეაქციები ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ამ თემაზე მიდის საუბარი, რომ კი, რა თქმა უნდა, იქ იყო რაღაცა ძალადობა, თუმცა სამაგიეროდ, დანია არის მდიდარი ქვეყანა. ანუ, ეს არის სწორედ მათი წარმოდგენით ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაცა ოდენობის, მაშინ თურმე შეიძლება ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე, ძაღლების მიქსევა და ხელკეტებით ცემა მშვიდობიანი პროტესტანტების. ასეთი ევროპა ესახებათ მათ წარმოდგენაში, რომ მთავარია, იყო ეკონომიკურად კარგად და მერე შეიძლება უკვე, რომ ცემო მშვიდობიანი მომიტინგეები და ძაღლებით გაიწიო მათკენ. ეს არის სამწუხარო რეალობა და ასევე სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერცერთმა ელჩმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა. აქ მხოლოდ ორი შეფასება შეიძლება, გაკეთდეს – ერთი, რომ მათ ეშინიათ, გააკრიტიკონ საკუთარი თანამოკავშირე და მეორე – მათთვისაც ე.ი. ეს მისაღები არის. მგონი, ეს მეორე უფრო რეალური ახსნაა, ვინაიდან ზუსტად იგივე და მსგავსი კადრები ვიხილეთ ჩვენ ბერლინიდან, პარიზიდან სხვა დედაქალაქებიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









