სალომე ზურაბიშვილს უცხოურ პრესასთან დღეში რამდენიმე ინტერვიუ აქვს, ის ცილს სწამებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ მათი გამოყენება ხდება გაყალბებისთვის, ის დაკავებულია დეზინფორმაციით, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ უკვე თვალში საცემია ქალბატონი სალომეს დესტრუქციული ქმედება საგარეო დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული.
„ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა. სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს მისცეს ჩვენება და ახალი განმარტება მოგვცა სისხლის სამართლის სისტემის, სადაც ამბობს, მე დავაბრალე და მათი ამოცანაა, გამოიძიონო. რატომ უნდა მოვიტანო რამე მტკიცებულებაო, ეს თქვა მან გუშინ. ის წლები იყო პარლამენტის წევრი, არის საქართველოს პრეზიდენტი და ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა. მან თქვა ერთ-ერთი უცხოურ პრესასთან, რომ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა კარუსელი – ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელიო. ეს არის პირდაპირი ბრალდება, 17 თქვა იმიტომ, რომ რაღაც დაზუსტებული ინფორმაცია აქვს მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, გამოვიდეს და თქვას, რატომ 17? რატომ არ თქვა 16 ან 19? ან თქვას, რომ ჭორაობდა და ამით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას ან წარმოადგინოს მტკიცებულებები.
ასევე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ოცნებამ“ სავარაუდოდ რუსული სპეცცსამსახურებისგან მიიღო დახმარებაო. არ შეიძლება, ასეთი ჭორაობით იყო ადამიანი დაკავებული. მერე იფიქრა ეტყობა, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები, დაუკავშირდა „ენჯეოებს“ და მიაწოდეს იგივე ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც მათ ატვირთეს და რომლებშიც ბევრი ვერაფერი ვნახეთ. ადამიანმა ცილი დასწამა ცესკო-ს, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, გამოვიდა პრესკონფერენციაზე და იქაც ცილი დასწამა ყველას. ეს არის იმ სასოწარკვეთილების მაგალითი, რომელსაც ახლა ვხედავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.