ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამ პროცესში რაღაცნაირად არის ჩართული, იქნებიან ეს პარტიები თუ იქნებიან ეს უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მონაწილეობენ კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა "ქართულ ქარტიას" ანუ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას. მანვე აღნიშნა, რომ გერმანიის მხრიდან არ არის გაკეთებული განმარტება, რამდენად შეესაბამება ზურაბიშვილის განცხადება სიმართლეს.
„ქალბატონი სალომე როდესაც ის უნებართვო ვიზიტებში იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრისას, გერმანიის პრეზიდენტი მიესალმა ამ ბანანის რესპუბლიკის დოკუმენტს, რომელიც ქალბატონმა სალომემ შეადგინა და ზუსტად ამ დოკუმენტში წერია ის, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან უნდა გავიდეს ეს ქვეყანა, არაუფლებამოსილმა პირმა, ქალბატონმა სალომემ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ზუსტად ამ დოკუმენტის სულისკვეთებაა, რომ ქართველ ხალხს არ აქვს იმის უნარი, ცოდნა და იმ დონეზე არ ვართ ჯერ ასული როგორც ჩანს ზოგიერთის თვალში, რომ ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნებით ავირჩიოთ ხელისუფლება, გვაკლია ეტყობა ცოდნა და უნარები და ამიტომ დროებითი, ტექნიკური, არაპარტიული ხელისუფლება უნდა გვყავდეს.
ამიტომ მე ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ მხრივ განმარტება რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიესალმება, რომ მოხდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა ამ ქვეყნის და თუ იზიარებს იმ სულისკვეთებას გერმანიის ხელისუფლება, თუკი ამ ქარტიას მიესალმა, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია აირჩიოს ხელისუფლება რეგულარული წესით, არამედ ეს უნდა იყოს ექსტრაორდინარული მთავრობა. ამიტომ, მე მადლობელი ვიქნებოდი თუკი ამაზე იქნებოდა პასუხი. მე ვნახე, რომ იყო გარკვეული განმარტებები, თუმცა უფრო პასუხისგან თავის არიდება იყო, ვიდრე პირდაპირ კითხვაზე პასუხი. ქალბატონ სალომეს თავის განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.