პარტია „საქართველოსთვის“ კანონპროექტის არსია, რომ მხოლოდ რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე, ჩვენ ვამბობთ, რომ გამჭვირვალე იყოს რუსეთიდან შემოსული ფულიც და სხვა ფულიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფეობრიობის შეგრძნებისგან არიან დაცლილი ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც მხოლოდ რუსეთიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობაა მნიშვნელოვანი.
„ამ კანონპროექტის არსია, რომ მხოლოდ რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე და სხვა დანარჩენმა ჩუმად, ჩვენდა დაუკითხავად ხარჯოს ფული. ჩვენ ვამბობთ, რომ გამჭვირვალე იყოს რუსეთიდან შემოსული ფულიც და სხვა ფულიც. წარმოგიდგენიათ, რამდენად დაცლილი არიან სახელმწიფეობრიობის შეგრძნებისგან ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე, ვიცოდე, საიდან შემოვიდა, რაში იხარჯება, ვინ ფინანსდება და რა საქმეზე, მაგრამ არ გამაგონოთ და არ მაინტერესებს, ევროპიდან და ამერიკიდან რა ფული შემოვა. ფაქტობრივად, იხვეწებიან, რომ დაგვიმალეთ და არაფრით გვითხრათ, რაში ხარჯავთ ფულს, გთხოვთ, ჩუმად დახარჯოთ ფული თქვენივე გემოვნებითო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ და ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დააინიცირეს კანპროექტი „ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“.