ვხედავდით ორგანიზებულ ჯგუფებს, „ნაცმოძრაობისა“ და სხვა პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ინციდენტების პროვოცირებისთვის იყვნენ მისული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ისნის საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომ ადგილზე „ნაცმოძრაობის“ ე.წ. ზონდერები იყვნენ მობილიზებული.

„ასე იყო, ეს თავდამსხმელები ჩვენს მხარდაჭერებს დაესხნენ თავს. დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რა სცენა იდგმებოდა მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც გაუგონარ რაღაცებს ჩადიოდნენ, უბანში დადიოდნენ, ინტერვიუებს იღებდნენ, ავიწროვებდნენ, მოქალაქეებს არ აძლევდნენ საშუალებას, ნორმალურად ხმა მიეცათ. ვხედავდით ასევე ორგანიზებულ ჯგუფებს, „ნაცმოძრაობისა“ და სხვა პარტიის წარმომადგენლების, რომლებიც ინციდენტების პროვოცირებისთვის იყვნენ იქ მისული. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომლებმაც ამ პროვოკაციებს გაუძლეს.

სულ რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა და ყველა ინციდენტზე არის პასუხი. სხვათა შორის, ერთი რამეც უნდა ითქვას ბრალდებებთან დაკავშირებით, მრავალჯერადად ხმის მიცემასთან დაკავშირებით. გუშინ ოდირის ხელმძღვანელს ჰკითხეს და მან დაასახელა ერთი ფაქტი მარნეულის შემთხვევა. ის ადამიანი დაკავებულია და მიდის საქმის გამოძიება. სხვათა შორის, მეორე ფაქტი იყო, რომელზეც ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასაც აქვს საჩივარი დაწერილი და ეხება „ლელოს“ წარმომადგენელს. არ ვიცით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ „ლელოს“ წარმომადგენელი იყოო, რომელიც ცდილობდა ბიულეტენების ჩაყრას. ასე რომ, ინციდენტი სადაც იყო, თუკი რაიმე იყო, ყველა ამ ინციდენტზე პასუხი არის გაცემული. საჩივრები შეტანილია და ყველა განიხილება, მაგრამ ყველა ამ ტყუილს, რა თქმა უნდა, გაეცემა პასუხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.