საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხაელ როთთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის.

„როგორც ვხვდები, ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ვნახავთ, ალბათ დადგება ოპოზიციის რიგი მასთან შესახვედრად. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის. შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას. შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ დემოკრატიას იმით, რომ, როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, დადგა ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ამიტომ ის ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან. ქართველ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, ამიტომ ამით ყველაფერი ნათქვამია. სამწუხაროა, რომ დღემდე მისი მხრიდან ამ საკითხზე სინანული არ გვსმენია. ოპოზიციის მხარდასაჭერად როდესაც ჩამოდის, ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, ეს ნიშნავს უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ჩარევას შიდა პოლიტიკასა და საარჩევნო კამპანიაში, თუმცა რა ვიცი, ვხედავთ რომ ოპოზიცია, როგორც ჩანს, იწონებს მის ამ პოზიციებს, იწონებს მის მიერ ეკლესიის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფას. დღეს ალბათ კიდევ ერთხელ დადგება რიგი მასთან და შეხვდებიან. ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს, უნდათ, იარონ მიხაილ როთის ჭკუაზე, თუ სურთ, იარონ საკუთარ ჭკუაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი, როთის საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოსვლა არის საარჩევნო კამპანიაში ჩარევა.

„ჩვეულებრივად არის საარჩევნო კამპანიაში ჩარევა. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ასახავენ ამას თავის ანგარიშებში, როგორც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის ჩარევას საარჩევნო კამპანიაში. გარწმუნებთ, გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსი რომ ჩასულიყო იქ და ისე მოქცეულიყო,როგორც იქცევა ახლა ბატონი როთი, ეს იქნებოდა დიდი სკანდალი იმ ქვეყანაში. საერთო ჯამში პრობლემაა, რომ ზოგს ევროპელობა ჰგონია პატარა ქვეყნების ზემოდან ყურება. ჩვენ რაღაც დონემდე რაღაცებს ვეგუებით, თუმცა ერთი რამ ჩვენს ხელშია – ამაზე საჯაროდ საუბარი და ჩვენ ამას ვიზამთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.